იენს სტოლტენბერგი - მიუხედავად მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა, აშშ და ევროპა ერთად არიან
იენს სტოლტენბერგი - მიუხედავად მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა, აშშ და ევროპა ერთად არიან

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ერთიანობას აჩვენებენ, მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირს შორის არსებული „მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა“. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ტელეკომპანია France24-ის ეთერში განაცხადა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს სამიტი აჩვენებს ტრანსატლანტიკურ ერთიანობას, რომ ევროპა და აშშ ერთად არიან, მიუხედავად მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, პარიზის კლიმატური შეთანხმება ან ბირთვული შეთანხმება ირანთან“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, რომელმაც მას პირადად დაუდასტურა ნატო-სადმი მხარდაჭერა.

„მან ასევე აღიარა, რომ ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

„ის გზავნის სიგნალს, რომ საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, მე მას ვეთანხმები და ევროპელი მოკავშირეებიც ეთანხმებიან მას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.