იენს სტოლტენბერგი - მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე იმსჯელეს უკრაინის მხარდაჭერაზე, სერიოზულ საფასურზე, რომელსაც რუსეთს უწესებენ და ნატო-ს მუშაობაზე ახლა და მომავალ წლებში ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
„პირველ სესიაზე შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები – ფინეთი, შვედეთი, საქართველო და ევროკავშირი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზმიკოვმა აღწერა ის სიკვდილი და განადგურება, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ომმა გამოიწვია, ასევე უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობა ინტერვენციის წინააღმდეგ და ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა.
ჩვენ ყველამ პატივი მივაგეთ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცეს. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერენ უკრაინას აღჭურვილობითა და წვრთნებით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას თავისი თავდაცვის ფუნდამენტური უფლება, თავისუფლება და დემოკრატია კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი რაოდენობით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, დღეს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო-მ უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა, მათ შორის სამხედრო მარაგების მიწოდებით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით.
„ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები ასევე თავშესაფარს აძლევენ მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი, გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიაში. ნატო ამ კრიზისზე რეაგირებს სწრაფად და ერთიანად. მომავალ კვირაში მოკავშირეების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მყისიერ საჭიროებებს, ასევე ცვლილებებს, რომელთა განხორციელებაც გვჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის. მოსკოვს ეჭვი არ უნდა ჰქონდეს, ნატო არ მოითმენს რაიმე სახის თავდასხმას ალიანსის სუვერენიტეტსა ან ტერიტორიულ მთლიანობაზე.
ჩვენ უკვე ავამოქმედეთ ჩვენი თავდაცვის გეგმა ალიანსის დასაცავად, გავაძლიერეთ მზადყოფნა და განვათავსეთ ძალები ატლანტიკის ორივე მხრიდან. ახლა მზადყოფნაში გვყავს ასობით ათასი სამხედრო ალიანსის ფარგლებში, 100 ათასი ამერიკელი სამხედრო ევროპაში და 40 ათასამდე სამხედრო ნატო-ს პირდაპირი მეთაურობის ქვეშ, ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებსაც მხარს უჭერენ საჰაერო და საზღვაო ძალები, ასევე საჰაერო თავდაცვა.
ჩვენ ვდგავართ ჩვენი უსაფრთხოების წინაშე არსებულ ახალ რეალობასთან. ასე რომ, ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და შეკავება გრძელვადიანად. დღეს ჩვენ დავავალეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, შეიმუშაონ ვარიანტები ყველა სივრცეში – ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში, კიბერსივრცეში და კოსმოსში. ხმელეთზე ჩვენი პოზიციები უნდა მოიცავდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არსებითად მეტ ძალებს მზადყოფნაში, მეტი აღჭურვილობით და მეტი მომარაგებით. ჰაერში – უფრო მეტი სამოკავშირეო ავიაცია და გაძლიერებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა. ზღვაში – ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფები, წყალქვეშა ნავები და მუდმივად განთავსებული საბრძოლო ხომალდების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი კიბერთავდაცვის მომავალი, აგრეთვე როგორ გამოვიყენოთ საუკეთესო ჩვენი სამოკავშირეო კოსმოსური აქტივები. ჩვენ ასევე უნდა გავმართოთ უფრო ხშირად და მასშტაბურად წვრთნები და სწავლებები. ჩვენი თავდაცვისა და შეკავების მნიშვნელოვნად გაზრდა საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. მოკავშირეებმა უნდა დახარჯონ მშპ-ს სულ მცირე ორი პროცენტი თავდაცვაზე. მე მივესალმები, რომ მოკავშირეებმა, როგორებიც არიან გერმანია და დანია, უკვე გააკეთეს მნიშვნელოვანი განცხადებები უფრო მეტ ინვესტიციებთან და დაჩქარებულ განრიგებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.