იენს სტოლტენბერგი მიესალმება, რომ ალიანსის ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა მოხსნა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თავდაცვა ესკალაცია არ არის.
ამის შესახებ მან პრაღაში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სტოლტენბერგი მიესალმება, რომ ალიანსის ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა მოხსნა.
„ნატო-ს მხარდაჭერა ომის განვითარების შესაბამისად განვითარდა. მივესალმები, რომ მოკავშირეები იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს ასუსტებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესია. რუსეთი დაესხა უკრაინას, უკრაინას კი თავდაცვის უფლება აქვს. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ წინსვლას ამ გზის შემცირებაში. წევრობა უკრაინის უსაფრთხოების საბოლოო გარანტია იქნება. ეს უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას და რეკონსტრუქციისთვის საჭირო სტაბილურობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთის მუქარამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის დახმარებაში ხელი არ შეუშალა.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებამდე დაემუქრა ნატო-ს მოკავშირეებს. ფაქტობრივად, შეჭრის წინა დღეს სიტყვით გამოვიდა, სადაც დაემუქრა ნებისმიერ მოკავშირეს, რომელიც მხარს დაუჭერდა უკრაინას, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.