იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა - თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს.
„თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრა ნატო-ს დაფუძნებიდან ალიანსის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა.
„თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას. მიწისძვრის შემდგომ დღეს ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ცენტრმა ნატო-ს ყველა მოკავშირეს და პარტნიორს დახმარების დაუყოვნებლივი თხოვნით მიმართა. მას შემდეგ საგანგებო სამსახურის ათასობით თანამშრომელი განთავსდა თურქეთში დახმარების ძალისხმევის მხარდასაჭერად, მათ შორის სამძებრო-სამაშველო რაზმები, მეხანძრეები, მედპერსონალი და სეისმოლოგები. ნატო-ს ალიანსი განაგრძობს მხარდაჭერას. ნიდერლანდების, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის ავიაცია დღე და ღამე მუშაობს თურქეთში საერთაშორისო დახმარების ტრანსპორტირებისთვის და დაშავებულების ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, როგორებიც არიან ალბანეთი, კანადა და გერმანია აწვდიან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას. ნატო-ს ფარგლებში რიგითი მოქალაქეები აგროვებენ მილიონობით ევროს თურქეთის მხარდასაჭერად. ეს არის ნამდვილი და ღრმა სოლიდარობა. ასევე მივესალმები ჩვენი მიწვეული წევრების, ფინეთისა და შვედეთის წვლილს, რომლებმაც ქმედებით აჩვენეს სოლიდარობა. განსაკუთრებით, მადლობას ვუხდი შვედეთს თავისი ინიციატივისთვის, უმასპინძლოს მარტში საერთაშორისო დონორთა კონფერენციას. ფოკუსი იქნება რეკონსტრუქციაზე და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე. სწორედ ამიტომ ნატო ახლა აწყობს დროებით საცხოვრებლებს იძულებით გადაადგილებული ათასობით პირისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა თურქეთს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების რაც შეიძლება მალე რატიფიცირებისკენ.