იენს სტოლტენბერგი - MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, უკრაინასთან დაკავშირებით სამიტზე ძლიერი გზავნილი გვექნება
წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში MAP-ის გადაცემის ეტაპი გაუქმდეს და ეს კარგი მომენტია, რათა სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, უფრო მეტი დეტალი გვითხრათ, სად არის ახლა მოლაპარაკების პროცესი?“
„ოსლოში, არაფორმალურ მინისტერიალზე წამოვაყენე პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ ელემენტს. პირველი იყო, რომ ყოფილიყო პრაქტიკული დახმარების პროგრამა, მომხდარიყო უკრაინისა და ნატო-ს ძალების სრული თავსებადობა, რაც დააახლოებს უკრაინას ნატო-სთან; მეორე იყო ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა; ხოლო მესამე ელემენტი იყო მაპ-ის მოთხოვნის ამოღება, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების პროცესს, ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანს გახდის. ახლა ჩვენ განვიხილავთ ამ პაკეტს, ამ ელემენტებს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ კონკრეტულ ფორმულირებაზე. არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ მივესალმები, რომ ვმუშაობთ ამ პაკეტის გარშემო. დარწმუნებული ვარ, კარგი, პოზიტიური და ძლიერი გზავნილი გვექნება, როცა ლიდერები შეიკრიბებიან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.