იენს სტოლტენბერგი - კახოვკის კაშხლის განადგურება ათასობით მშვიდობიან მოსახლეს საფრთხის წინაშე აყენებს, ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება
რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებას, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება დღეს ათასობით მშვიდობიან მოსახლეს საფრთხის წინაშე აყენებს და გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.