იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმების გატარებისთვის და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.
ნატო-ს ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი უწოდა. გენერალურმა მდივანმა ალიანსის სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. ნატო-ს ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველო შიდა რეფორმების გატარებისთვის გააორმაგებს ძალისხმევას და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს.
„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერენ მხარს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმოს. დღეს ჩვენს შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა. კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით. მე მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ნატო-ს მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. თავის მხრივ, იმედი მაქვს, რომ საქართველო შიდა რეფორმების გატარებისთვის გააორმაგებს ძალისხმევას და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა. ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, ვიდრე თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების ასრულებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა: „დღეს ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიმყოფებოდი კიევში და ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისადმი ნათელი იყო. ნატო უკრაინის გვერდით დგას დღეს და რამდენიც დასჭირდება. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური სქემა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს. უკრაინა იცავს თავის თავდაცვის უფლებას გაერო-ს წესდების მიხედვით. და ჩვენ ველოდებით, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“.