ნატო-ს გენერალური მდივანი ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. მისი თქმით, მართალია, ალიანსი კონფლიქტის დარეგულირებაში უშუალო როლს არ თამაშობს, თუმცა სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება ნატო-ს შეშფოთებას იწვევს.
ამას გარდა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის აღდგენა. მან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებების გზა.
„მოგიწოდებთ გააგრძელოთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზა ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს ამ მხრივ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს, ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობისთვის.
ნატო-ს შტაბბინაში ილჰამ ალიევისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბელგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. ალიევი ასევე შეხვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29 წევრის ელჩებს.