იენს სტოლტენბერგი - გვსურს, გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების კუთხით
გვსურს, გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების კუთხით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს სურს იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით.
„რაც შეეხება არჩევნების საკითხს. გავეცანი ეუთო-ს ანგარიშს. იქ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რეფორმები უნდა იყოს განგრძობითი. რეფორმები უნდა იყოს უწყვეტი, იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, კარგია საქართველოსთვის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც კარგია.
გვსურს, ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით, არჩევნების კუთხით“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.