იენს სტოლტენბერგი - გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მეტად საშიშს ხდის, მას ჩვენს უსაფრთხოებაზე სერიოზული გავლენა აქვს
გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მეტად საშიშს ხდის, მას ჩვენს უსაფრთხოებაზე სერიოზული გავლენა აქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით მიმდინარე კლიმატურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კლიმატური სამიტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში იმართება.
„მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე გაერო-ში კლიმატური ცვლილებების საკითხებში ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ვარ. ასე რომ, ეს საკითხი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა. გლობალური დათბობა მსოფლიოს უფრო მერად საშიშს უხდის. მას აქვს სერიოზული გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ამიტომ ის მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ნატო-ს მრავალი წელია, აღიარებული აქვს კლიმატური ცვლილებები როგორც უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ის ელოდება, რომ 14 ივნისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერები კლიმატური ცვლილებების უსაფრთხოებაზე გავლენასთან დაკავშირებით ამბიციურ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.