იენს სტოლტენბერგი - განსაკუთრებით ჩვენ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გავლენის სფეროების დაბრუნება ძალიან სახიფათო გზაა
ჩვენ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გავლენის სფეროების დაბრუნება ძალიან სახიფათო გზაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო არ აპირებს, კომპრომისზე წავიდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს გეზი.
„ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს გეზი. ასევე საინტერესოა, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ შეტანილი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი, ფინეთი და შვედეთი ასევე ძალიან მკაფიოდ უჭერენ მხარს ამ პრინციპს. ისინი ხვდებიან, რომ თუ ამ პრინციპთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება და გეზის არჩევანის თავისუფლება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაზე გავრცელდება და არა ყველაზე, მაშინ ჩვენ გვეყოლება პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები. ანუ ზოგს ექნება არჩევანის თავისუფლება, რადგან ისინი დიდები არიან და ისტორიული მიზეზებით არიან სამხედრო ალიანსის წევრები, მაგრამ სხვებს საკუთარი გეზის არჩევის უფლება არ ექნებათ. მთელი ეს იდეა, რომ ეს ქვეყანა ჩემთან ახლოს მდებარეობს, შენ არ შეგიძლია გააკეთო, რაც გსურს, არის გავლენის სფეროების დაბრუნება. განსაკუთრებით ჩვენ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა. ამიტომაც მოხდა ისე, რომ ფინეთის პრეზიდენტი საახალწლო მიმართვაში შეეხო ამ საკითხს და ხაზი გაუსვა ამ პრინციპის მნიშვნელობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.