იენს სტოლტენბერგი - გაერო-ში კენჭისყრა იყო უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მოწოდება პუტინისადმი, გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღის შეხვედრების დაწყებამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად გაკეთებული განცხადებისას ისაუბრა.
„მივესალმები გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს საერთაშორისო თანამეგობრობისგან. გაერო-ში კენჭისყრა იყო უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მკაფიო მოწოდება პრეზიდენტ პუტინისადმი, გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის და კვლავაც, აშშ-ის ლიდერობა ნატოში, საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის არსებითი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურ მდივნის შეფასებას. ლოიდ ოსტინი ასევე მიესალმა მოკავშირეებისა და პარტნიორების გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინის დახმარება.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.
დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.