იენს სტოლტენბერგი - ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ყველა ჩვენგანს უფრო დაცულს გახდის, მოუთმენლად ველოდები კიდევ ორი დროშის აღმართვას ნატო-ში
ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ყველა ჩვენგანს უფრო დაცულს გახდის, მოუთმენლად ველოდები კიდევ ორი დროშის აღმართვას ნატო-ში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, დღეს ისტორიული დღეა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, ნატო-სთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ცოტა ხნის წინ, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს მოაწერეს ხელი.
„გასულ კვირას მადრიდის სამიტზე მოკავშირეების ლიდერები შეთანხმდნენ, მიიწვიონ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში. ნატო-ს ელჩებმა ახლახან მოაწერეს ხელი გაწევრიანების პროტოკოლს. ეს არის ისტორიული დღე ფინეთისთვის, შვედეთისთვის, ნატო-სთვის და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ფინეთი და შვედეთი ძლიერ და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენს ალიანსში. ჩვენი ძალები არის ურთიერთავსებადი, ისინი გაწვრთნილი არიან და ერთად მსახურობენ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ვდაგავრთ ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ბალტიის ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის სასტიკმა ინტერვენციამ უკრაინაში შეძრა მშვიდობა ევროპაში.
„მნიშვნელოვანია, ერთად ვიდგეთ ჩვენი ისტორიის ამ საშიშ პერიოდში. მივესალმები, რომ ყველა მოკავშირემ ასე სწრაფად იმოქმედა და მიიღო შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების განაცხადები. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს კონსტრუქციული მიდგომისთვის. სამმხრივმა შეთანხმებამ, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს მადრიდის სამიტზე, ეს დღე შესაძლებელი გახადა. მე ვიცი, რომ სამივე მხარე ბევრს მუშაობს მის შესრულებაზე, განსაკუთებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ახლა მე მაქვს ყველა მოკავშირის იმედი, რომ ისინი უზრუნველყოფენ გაწევრიანების პროტოკოლის სწრაფ რატიფიცირებას ეროვნული პროცედურების შესაბამისად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევანი და ეს არის ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი გზა.
„ფინეთი და შვედეთი მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს მოლაპარაკებებში მოწვეული ქვეყნების სტატუსით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ნატო-ს გაფართოება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, არის დიდი წარმატება და აძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიას ევროპაში. ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანი და ეს არის ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი გზა. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ყველა ჩვენგანს კი უფრო დაცულს გახდის. მოუთმენლად ველოდები კიდევ ორი დროშის აღმართვას ნატო-ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.