ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარდგა.
„გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის პერიოდში ნატო-ს რელევანტურობა ეჭვქვეშ დააყენეს. ალიანსს უწოდებდნენ გაყოფილს, მოძველებულს და „ტვინით მკვდარს“. თუმცა რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ნატო არის ძლიერი, ერთიანი და როგორც არასდროს – მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატო გაძლიერდა როგორც ინსტიტუტი, მისი საერთო ბიუჯეტი გაორმაგდა. ასევე გაიზარდა ალიანსის წევრების რაოდენობა. ნატო-ს შეუერთდნენ მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ფინეთი და შვედეთი, უკრაინა კი ნატო-სთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.
სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ხუთი გაკვეთილი, რომელიც, მისი თქმით, საკვანძოა მომავალში ნატო-ს წარმატებისთვის. როგორც მან განაცხადა, პირველი გაკვეთილი არის ის, რომ ნატო-მ უნდა გადაიხადოს საფასური მშვიდობისთვის.
„მეტი ფული ნიშნავს უფრო ძლიერ თავდაცვას, უფრო ეფექტიან შეკავებას და უფრო დიდ უსაფრთხოებას“, – თქვა მან.
მეორე გაკვეთილად იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ის, რომ „თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა“.
„არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრ მოკავშირეს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის შეძენა წმინდა ვაჭრობის საკითხი იყო, რაც მცდარი გახლდათ, რადგან რუსეთი ბუნებრივ აირს იარაღად იყენებს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა ჩინეთთან. ჩინეთის იშვიათ მინერალებზე დამოკიდებულება, მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უცხოური კონტროლის დაშვება ასუსტებს ნატო-ს მედეგობას და რისკებს ქმნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთთან ურთიერთობას, თუმცა არ უნდა გავცვალოთ მოკლევადიანი ეკონომიკური ინტერესები უსაფრთხოების გრძელვადიან საჭიროებებზე“, – თქვა სტოლტენბერგმა და ამასთან აღნიშნა, რომ მოკავშირეებსა და მეგობარ ქვეყნებს შორის აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება.
მესამე პუნქტად იენს სტოლტენბერგმა დაასახელა, რომ სამხედრო ძალა არის დიალოგის წინაპირობა.
„მე ეს ვიცი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრად ყოფნის პერიოდიდან. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეზობლებს, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს, თუმცა დიალოგი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გამყარებულია ძლიერი თავდაცვით. ეს მკაფიოდ გამოჩნდა უკრაინაში. ჩვენ ყველას გვინდა ამ ომის დასრულება. ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა არის მისი წაგება, თუმცა ეს არ მოიტანს მშვიდობას, ეს მოიტანს რუსულ ოკუპაციას. დღეს პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია თავისი მიზნების ბრძოლის ველზე მიღწევა და სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი დაღლა, სწორედ ამიტომ ის აგრძელებს თავისი სასტიკი ომის წარმოებას. მე არ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია პუტინის ცნობიერება შევცვალოთ, თუმცა მწამს, რომ შეგვიძლია, შევცვალოთ მისი გათვლები. უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით, ჩვენ შეგვიძლია, გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ ის ვერ მიაღწევს სასურველს ძალით და მას ეს იმდენად ძვირი დაუჯდება, რომ მოუწევს უკრაინის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს მიღება.
პარადოქსულია, რომ რაც უფრო მეტი იარაღის მიწოდებას შევძლებთ უკრაინისთვის, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ჩვენ მივაღწევთ ომის დასრულებას და მშვიდობას. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთი უნდა იყოს მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი. 2014 წელს, რუსეთის პირველი ინტერვენციის შემდგომ მინსკის შეთანხმებებმა მშვიდობა არ მოიტანა. ნებისმიერი მომავალი შეთანხმება უნდა იყოს გამყარებული უკრაინისადმი ძლიერი სამხედრო მხარდაჭერით და უსაფრთხოების საიმედო გარანტიებით გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ევროპაში ვერ იქნება მდგრადი უსაფრთხოება სტაბილური უკრაინის გარეშე და ვერ იქნება მდგრადი უსაფრთხოება უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის გარეშე. ნატო-ს კარი ღიაა, უკრაინა გაწევრიანდება ნატო-ში“, – თქვა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, მეხუთე გაკვეთილი ნატო-ს მომავალი წარმატებისთვის არის ის, რომ სამხედრო ძალას აქვს საკუთარი ლიმიტები. ამასთან დაკავშირებით მან ავღანეთში ნატო-ს მისიაზე ისაუბრა.
„ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ ავღანეთში. 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ავღანეთში შესვლა სწორი იყო. ჩვენს სამხედრო ინტერვენციას ჰქონდა გაერო-ს მანდატი და სარგებლობდა ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით ალიანსის შიგნით. ჩვენ შევასუსტეთ „ალ-ქაიდა“ და აღვკვეთეთ, რომ ავღანეთი გამხდარიყო უსაფრთხო თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ასე რომ, ჩვენი მისია არ ყოფილა უშედეგო და მე პატივს მივაგებ ყველას, ვინც ამისთვის უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. თუმცა ავღანეთის მისია გაგრძელდა ზედმეტად დიდხანს.
როდესაც მე 2014 წელს ნატო-ში მოვედი, ჩვენი გეგმა იყო სამხედრო მისიის რამდენიმე წელიწადში დასრულება და პოლიტიკურ პარტნიორობაზე გადასვლა. თუმცა შვიდი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ იქ ვიყავით წარმოდგენილი ათასობით ჯარისკაცით. რაც დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაციით, გადაიქცა ქვეყნის შენების ფართომასშტაბურ მისიად. დემოკრატიული და ერთიანი ავღანეთი ყველასთვის თანაბარი უფლებებით ყველასთვის იყო ღირსეული მიზანი, თუმცა ის იყო ზედმეტად ამბიციური. 20 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ვერ ვიგებდით ომს. „თალიბანი“ ძლიერდებოდა და ავღანეთს არ ჰყავდა ერთიანი ხელისუფლება, რომელიც შეძლებდა პასუხისმგებლობის აღებას, როდესაც ჩვენ გავედით. ის ფაქტი, რომ ავღანეთის მთავრობა და უსაფრთხოების ძალები ჩამოიშალა ასე მალე, აჩვენებს, რატომ იყო სწორი წასვლა. ის, რაც უნდა ყოფილიყო ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურა, ბანქოს სახლი აღმოჩნდა. არ იყო რამე საფუძველი, გვეფიქრა, რომ კიდევ 20 წლით დარჩენა სხვა შედეგს უზრუნველყოფდა. ასე რომ, ნასწავლი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ნატო-ს ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სამომავლო სამხედრო ოპერაციის მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და უნდა ვიყოთ გულწრფელი, რისი მიღწევა შეგვიძლია და რისი – ვერა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს იენს სტოლტენბერგმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„ჩემი მეხუთე და ბოლო გაკვეთილი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ არასდროს უნდა მივიღოთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირი, როგორც რაიმე თავისთავად არსებული. ნატო ქვაზე არ წერია. ის არის გაცნობიერებული არჩევანისა და პოლიტიკური ნების შედეგი. ჩვენ მოგვისმენია ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ხმები, რომლებიც ამერიკასა და ევროპას გამიჯვნისკენ მოუწოდებენ. არაშორსმჭვრეტელ ეროვნულ ინტერესებზე ფოკუსირება გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაცვლად კარგ სამსახურს არ გაგვიწევს. იზოლაციონიზმი არავის დაიცავს. ჩვენ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. უსაფრთხოების გამოწვევები ზედმეტად დიდია და კონკურენცია – ზედმეტად ხისტი, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ მარტო სვლა შეძლოს. ტრანსნაციონალურ ურთიერთობებში ინვესტირება წინსვლის ერთადერთი გზაა. ევროპელებს უნდა ესმოდეთ, რომ ნატო-ს გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება. ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების 80 პროცენტი ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეებისგან მოდის და საქმე მხოლოდ რესურსებს არ ეხება, საქმე ეხება გეოგრაფიასაც. სამხრეთით – თურქეთის, ჩრდილოეთით – ნორვეგიის და დასავლეთით აშშ-ის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს გარეშე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება წარმოუდგენელია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა. მას აღნიშნულ პოსტზე ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის.