იენს სტოლტენბერგი - ჩვენს ახლო პარტნიორებთან, უკრაინასთან და საქართველოსთან განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის
დღეს შევხვდით ჩვენს ახლო პარტნიორებს, უკრაინასა და საქართველოს, განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება, ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან.
„ნატო-ს მოკავშირეები აგრძელებენ ძლიერ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად, რათა მოგვარდეს რუსეთის სამხედრო თავმოყრა უკრაინის ირგვლივ. მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, ჩვენ ჯერ არ გვინახავს გაყვანის, ან დეესკალაციის ნიშნები. პირიქით, რუსეთის თავმოყრა, როგორც ჩანს გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე ძალიან მჭიდრო მონიტორინგს. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის, რასაც ამბობს და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის საზღვრებიდან. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისკენ.
დღეს ჩვენ შევხვდით ჩვენს ახლო პარტნიორებს, უკრაინასა და საქართველოს. განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება, ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის.
ნატო და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას, საკუთარი თავის დაცვის უნარის გაზრდაში. თავდაცვა არის უფლება და მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან ამ უფლების დაცვაში, მათ შორის ტრენერებით და სამხედრო აღჭურვილობით უკრაინისთვის და მისი შეიარაღებული ძალებისთვის, კიბერ და სადაზვერვო ცოდნით და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ რუსული ძალების ყოფნა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთის დუმის კენჭყისყრა დონეცკისა და ლუგანსკის მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების ცნობის რეკომენდაციით. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და „მინსკის შეთანხმებების“ შემდგომი აშკარა დარღვევა, რომელიც ძირს უთხრის მცდელობებს „ნორმანდიულ ფორმატით“ პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნაში“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, დღეს ნატო-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება.
„ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებსა და ასპირანტ ქვეყნებს ევალებათ და არავის სხვას. თითოეული ერის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, აბსოლუტურად ფუნდამენტურია ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და პატივი უნდა ეცეს. ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ არ შეგვიძლია დავბრუნდეთ გავლენების მოხდენის ისეთ ეპოქაში, სადაც დიდი ძალები აშინებენ, ან კარნახობენ სხვებს. არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილებები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე და გადაწყვეტილებები საქართველეოს შესახებ, საქართველოს გარეშე. ჩვენ შევთანხმდით, რომ დაძაბულობის დროს დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ნატო ღიაა რუსეთთან ურთიერთობისთვის და მზად ვართ დავსხდეთ რუსეთთან, ნატო-რუსეთის საბჭოში საკითხების ფართო სპექტრის განსახილველად და საერთო საფუძვლის საპოვნელად.
მინისტერიალის დასკვნით სესიაზე შევხვდით ჩვენ ახლო პარტნიორებს, ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს. ჩვენ ვიზიარებთ იგივე ღირებულებებს, იგივე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით და უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისი ყველას გვაწუხებს. ასე რომ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთად მუშაობა შევავსოთ ერთმანეთის ძალისხმევა ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტამდე“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.