იენს სტოლტენბერგი - ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, შეაჩერე ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში
ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, შეაჩერე ეს ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ოტავას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა შეარყია ევროპის უსაფრთხოება. რუსეთმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში. პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო სასტიკი ომი, მშვიდობიანი სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიდრეკილია, აირჩიოს საკუთარი გზა – დემოკრატიისა და თავისუფლების გზა. პრეზიდენტ პუტინის ომი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, არამედ ცდილობს, გაანადგუროს მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, შეაჩერე ეს ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-ს მოკავშირეები გააქტიურდნენ და რუსეთს სანქციების სახით მძიმე საფასური დააკისრეს.
„საპასუხოდ, ნატო-ს მოკავშირეები გააქტიურდნენ, უკრაინის მხარდასაჭერად საფასური დააკისრეს რუსეთს და გააძლიერეს ჩვენი შეკავება და თავდაცვა. მოკავშირეები უზრუნველყოფენ მეტ სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას მისი ფუნდამენტური უფლება თავდაცვისთვის, რაც გაწერილია გაერო-ს ქარტიაში. ამავდროულად, ჩვენ ვაწესებთ უპრეცედენტო საფასურს რუსეთისთვის, რომელიც მიმართულია რუსული ბანკებისა და კომპანიებისკენ, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისკენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს გააჩნია პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ ეს კონფლიქტი არ გასცდება უკრაინას, რადგან „ეს იქნება კიდევ უფრო მეტად სახიფათო, დესტრუქციული და მომაკვდინებელი უკრაინისა და ყველა ჩვენგანისთვის“.
„მოკავშირეები მნიშვნელოვნად ზრდიან ჩვენს თავდაცვით კონტინგენტს ალიანსის აღმოსავლეთში, ათასობით მეტი სამხედროებითა და ასობით სამხედრო თვითმფრინავითა და ხომალდით. ბოლო კვირების განმავლობაში გავაორმაგეთ იქ კონტინგენტი. ეს ძალიან მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ ჩვენ დავიცავთ მოკავშირეების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, კანადა წამყვან როლს ასრულებს ამ რეაგირებაში.
„მრავალი წლის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფდნენ უკრაინული შეიარაღებული ძალებისა და ინსტიტუციების გაძლიერებას, წვრთნიდნენ ათობით ათას უკრაინელ სამხედროს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ისევე როგორც ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარება და აღჭურვილობა გაუწია ქვეყანას. მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობის განხორციელების გამო, ის დამარცხდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, პრეზიდენტ პუტინს სურს, ნატო ნაკლები დოზით იყოს წარმოდგენილი რუსეთის საზღვრებთან, თუმცა ერთადერთი რასაც ის იღებს, ეს მეტი ნატოა აღმოსავლეთ ფლანგზე.
„მას სურს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დაყოფა, მაგრამ ჩვენ იმაზე მეტად ერთიანი ვართ, ვიდრე ოდესმე. მას სურს, მძევლად ჰყავდეს ევროპული ერები რუსული ნავთობითა და გაზით, სანაცვლოდ, ის უბიძგებს ქვეყნებს მარაგების დივერსიფიცირებისკენ და მომავლის განახლებად ენერგიებზე უფრო სწრაფად სვლისკენ. ყველაზე მეტად კი, პრეზიდენტ პუტინს სურს, ჩაახშოს დემოკრატია უკრაინაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა ომის პირობებში უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოვლენილ ლიდერულ თვისებებსა და უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე.
„მინდა, ვაღიარო პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა და უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამორჩეული სიმამაცე, რამდენადაც ისინი იცავენ თავიანთ სამშობლოს. ჩვენ შეძრწუნებული ვუყურებთ მშვიდობიანი მოქალაქეების მზარდ რიცხვს. ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის უაზრო განადგურებასა და მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისს. ეს ყველა ჩვენგანისთვის მძიმეა. ჩვენ ჩვენი პარტნიორი უკრაინის გვერდით ვდგავართ სოლიდარობის ნიშნად და დავიცავთ ნატო-ს ყველა მოკავშირეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.