იენს სტოლტენბერგი - ჩვენ რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ ორმაგი მიდგომით ურთიერთობა, ეს არის თავდაცვა და დიალოგი
ჩვენ რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ ორმაგი მიდგომით ურთიერთობა, ეს არის თავდაცვა და დიალოგი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტამდე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რაც არ უნდა რთული იყოს დიალოგი, აუცილებელია, პროცესის გაგრძელება, რათა რთულ და პრობლემატურ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა.
„ჩვენ ველოდებით აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას მომავალ კვირას. ეს შეხვედრა სრულად ჯდება იმ სტრატეგიაში, რომელიც ალიანსმა აირჩია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
პუტინთან შეხვედრის დეტალებზე და განსახილველ საკითხებზე ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს დილით აშშ-ს პრეზიდენტს ბრიუსელში ესაუბრა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ში აინტერესებთ, თუ რას ფიქრობს დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე.
ნატო-ს ორდღიანი სამიტი დღეს იწყება. დღის მეორე ნახევარში ლიდერები რუსეთთან ურთიერთობაზე იმსჯელებენ.