იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვსურს არა კონფრონტაცია, არამედ რუსეთთან დიალოგი
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვსურს არა კონფრონტაცია, არამედ რუსეთთან დიალოგი

მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემასთან Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვსურს არა კონფრონტაცია, არამედ რუსეთთან დიალოგი“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

„ისეთი გერმანელი პოლიტიკოსებისგან, როგორებიც არიან ჰელმუტ შმიდტი და ვილი ბრანდტი, „ცივი ომის“ პერიოდში ჩვენ გავიგეთ, რომ რუსეთთან საჭიროა საუბარი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, დასავლეთი არ უნდა იყოს გულუბრყვილო და რუსეთის წინაშე ერთიანი და მტკიცე უნდა იყოს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებში, კერძოდ ლატვიასა და ლიტვაში შეუძლია, განახორციელოს ისეთივე ქმედებები, როგორიც მან საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განახორციელა.

თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდ საფრთხედ იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა დაასახელა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, „ცივი ომის“ დროს დასავლეთი და აღმოსავლეთის ბლოკი ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირებულები იყვნენ, დღეს კი გამოწვევები უფრო კომპლექსურია.

რამდენიმე დღის წინ იენს სტოლტენებრგმა რუსეთს საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურების შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. მაშინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსს ახალი „ცივი ომი“ არ სურს.