იენს სტოლტენბერგი - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება არის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება არის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, სტოლტენბერგი ამ წუთებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ღია კარის პოლიტიკასა და ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე მსჯელობს.
„ნატო-ს გაფართოება იყო ისტორიული წარმატება. გაფართოებამ გაზარდა უსაფრთხოება, თანამშრომლობა და ხელი შეუწყო ევროატლანტიკური რეგიონის კეთილდღეობას.
ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, რომ უსაფრთხოების გასამტკიცებლად აირჩიოს საკუთარი გზა. ეს არის ფუნდამენტური უფლება, რომლის პატივისცემაც უნდა მოხდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი წევრის მიღების თაობაზე, მიიღება ნატო-ს 29 წევრის მიერ. სხვა ვერც ერთი ქვეყანა ჩაერევა წევრობისკენ მისწრაფებისა თუ გაწევრიანების პროცესში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.