იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი უნდა შეუერთდეს დანარჩენ მსოფლიოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა
ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი უნდა შეუერთდეს დანარჩენ მსოფლიოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა, ასევე რუსეთის მიმართ ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის წარმოებას.
მისივე თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრს, აქვს ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
„ჩინეთი უნდა შეუერთდეს დანარჩენ მსოფლიოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა და რუსეთის ნებისმიერი მხარდაჭერა, სამხედრო, ნებისმიერი სხვა სახის მხარდაჭერა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს ზეწოლას დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის წარმოებას და დაეხმარება მას, განაგრძოს ომი, რომელიც იწვევს სიკვდილს და უზარმაზარ ნგრევას.
ასე რომ, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრს, აქვს ვალდებულება, რეალურად მხარი დაუჭიროს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.