იენს სტოლტენბერგი - ბოლო წლებში რუსეთი აშინებდა მეზობლებს, სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ
იენს სტოლტენბერგი - ბოლო წლებში რუსეთი აშინებდა მეზობლებს, სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

ბოლო წლებში რუსეთი აშინებდა მეზობლებს, სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ვიზიტისას, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ რუსეთის ქცევის მოდელი, როდესაც ისინი დიდ ინვესტიციას დებდნენ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, როგორც კონვენციურ, ისე ბირთვულ შეიარაღებაში. ისინი აშინებდნენ მეზობლებს, სამხედრო ძალა გამოიყენეს მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, მოახდინეს ყირიმის უკანონო ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია. და ახლა ჩვენ ვიხილეთ, რომ ისინი ცდილობდნენ ჩარევას საშინაო პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში, ახორციელებდნენ კიბერთავდასხმებს და სხვა სახის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. ასე რომ, აგრესიული ქმედებების ეს ნიმუში, რა დროსაც ხდება ყველა ხერხის გამოყენება, როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდული კიბერინსტრუმენტების, რა თქმა უნდა, ნატო-ს ყველა მოკავშირის დიდ შეშფოთებას იწვევს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, მაგალითად, უკრაინის ან საქართველოს პოლიტიკური, პრაქტიკული მხარდაჭერა“, – განაცხადა იენს სტოლტენებრგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა ცივი ომის დასრულების შემდეგ ასევე რეკორდულად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა, რაც განპირობებულია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიით. ახლა ნატო-ს აქვს ოთხი საბრძოლო ბატალიონი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ასევე გაზარდა წარმომადგენლობა შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში.

„ეს არის ძალიან მკაფიო და მკაცრი რეაგირება ნატო-ს მოკავშირეებისგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ჩვენი მიდგომა რუსეთისადმი არის ორმხრივი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და მტკიცე და ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება რუსეთთან დიალოგისკენ სწრაფვა, რადგან რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.