იენს სტოლტენბერგი - ალიანსის ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღია რჩება, მე არ შემიძლია, დავასახელო კონკრეტული ვადები
იენს სტოლტენბერგი - ალიანსის ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღია რჩება, მე არ შემიძლია, დავასახელო კონკრეტული ვადები

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს ალიანსის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს. აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, კონკრეტული ვადების დასახელება ჯერ არ შეუძლია.

„ალიანსის ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა მოსკოვმა, არამედ კიევმა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება. საკითხავია როდის, მე არ შემიძლია, დავასახელო კონკრეტული ვადები“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას, რათა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან გადავიდეს ნატო-ს სტანდარტებსა და დოქტრინაზე, გახადოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატო-ს ძალებთან თავსებადი.

„ახლა აუცილებელი ამოცანაა, უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა, რადგან თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, განსახილველიც არაფერი იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვილნიუსში, ნატო-ს მომდევნო სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის გაწევრიანების და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს განიხილავენ.