იენს სტოლტენბერგი - ალიანსის 2010 წელს მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციას ადაპტაცია სჭირდება
იენს სტოლტენბერგი - ალიანსის 2010 წელს მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციას ადაპტაცია სჭირდება

ალიანსის 2010 წელს მიღებული სტრატეგიული კონცეფცია ადაპტაციას საჭიროებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სისტემური კონკურენციის ეპოქაში. რუსეთი და ჩინეთი ძირს უთხრიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ძალთა ბალანსი იცვლება. დემოკრატია და თავისუფლება მძიმე ზეწოლის ქვეშაა მოქცეული“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევების გასამკლავებლად აუცილებელია ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციის ადაპტირება.

„ხუთი ელემენტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ესენია – ჩვენი ღირებულებების დაცვა, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, საზოგადოებების გაძლიერება, გლობალური ხედვა და ნატო-ს მშენებლობა, როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ინსტიტუციური დამაკავშირებლის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, 2010 წელს მიღებულ კონცეფციაში ნათქვამი იყო, რომ ევროატლანტიკური სივრცეში მშვიდობაა, მაგრამ სტოლტენბერგის განცხადებით, „დღეს ეს იცვლება“.

„რუსეთის რეჟიმი აგრესიულია საზღვრებს გარეთ და რეპრესიული ქვეყნის შიგნით. უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზაცია შემაშფოთებელია. ამავე დროს, ჩინეთის კომუნისტური პარტია იყენებს ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას, რათა დაიყოლიოს სხვა ქვეყნები და გააკონტროლოს საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ აუცილებელია სამხედროების მომზადება, ნატო-ს ქვეყნების საზოგადოებების გაძლიერება და პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება.

„ნატო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას სხვებთან მუშაობის გარეშე, მაგრამ ერთად ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ უკეთესი სტრატეგიული ლანდშაფტი. ვიყოთ კონკურენტუნარიანები და დავიცვათ წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.