იენს სტოლტენბერგი - ახალ რუსულ რაკეტებს ბირთვული ქობინის გადატანა და ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ
ახალ რუსულ რაკეტებს ბირთვული ქობინის გადატანა და ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმების გადასარჩენად.
„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის მიერ სარაკეტო შეთანხმების დარღვევას და ჩვენ შესაძლო პასუხს. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს „საერთაშორისო ბირთვული ძალების“ შეთანხმების შენარჩუნების დრო. თუ მოსკოვი შეთანხმებას არ დაიცავს, საჭირო იქნება ჩვენი პასუხი. რუსეთის მიერ რაკეტების განთავსება ნატო-სთვის მნიშვნელვანი საკითხია, რადგან ამ რაკეტებს ბირთვული ქობინის გადატანა და ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ. ახალი რუსული რაკეტები არღვევს „ბირთვული ძალების“ შეთანხმების პირობებს. ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, რომ გადარჩეს ეს შეთანხმება, ვადა ორ აგვისტომდეა.
დღემდე ჩვენ სერიოზული ცვლილება რუსეთის ქმედებებში არ შეგვინიშნავს. ვგეგმავთ ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის ჩატარებასაც. ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ, თუ როგორ დავაბრუნოთ რუსეთი უკან შეთანხმებაში. ნატო-ს ზომების ფართო სპექტრი აქვს. ჩვენ, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმების პირობები“ – თქვა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ავღანეთზეც და აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რეალურია.
„ჩვენ ახლოს ვართ ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად ისე, როგორც არასდროს და გავაგრძელებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ასევე ავღანეთის არმიის დახმარებას. ავღანეთში რეალური სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს. მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა მშვიდობისთვის. აშშ-ის მომლაპარაკებელი მუდმივ კონტაქტზეა ნატო-სთან, რადგან „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მხოლოდ აშშ არ მონაწილეობს და მასში მონაწილეობას იღებენ ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები. მშვიდობის მიღწევა ადვილი არ არის, მაგრამ ნატო ცდილობს საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდვინის თქმთ, თავდაცვის მინისტერიალზე განხილული იქნება მოკავშირეების სამხედრო ხარჯების გაზრდის, კოსმოსის სამოქალაქო მიზნებისთვის განვითარების, პარტნიორების მხარდაჭერის და თავდაცვის და შეკავების საკითხები.