იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რეალურია სცენარი, რომლის ფარგლებშიც, უკრაინა ნატო-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რეალურად მიიჩნევს სცენარს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს.
„ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ არსებობს მეხუთე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზები უკრაინის შემთხვევაში, თუკი ის ოკუპირებული ტერიტორიებით ალიანსის წევრი გახდება.
„ყოველთვის ძალიან სახიფათოა შედარება, რადგან არავითარი პარალელები არ არის 100%-ით სწორი, თუმცა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი“, – მოჰყავს მაგალითი სტოლტენბერგს.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთ გერმანიაა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას თავის ნაწილად განიხილავდა, „თუმცა, ნატო იცავდა მხოლოდ დასავლეთ გერმანიას.“
„ნება როდესაც არსებობს, არსებობს საშუალებები გამოსავლის მოსაძიებლად. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს გამოიყენება მე-5 მუხლი და უკრაინა უნდა აკონტროლებდეს მთელ ტერიტორიას ამ საზღვრამდე“, – დასძინა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.