იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, თურქეთი დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, თურქეთი დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს

ნატო-ს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელზე საუბრისას განაცხადა. თუმცა, არ იცის, ეს როდის მოხდება.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელმაც ნატო-ს მადრიდის სამიტზე გადაწყვიტა, მოეწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსის ახალ წევრებად.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს 30 წევრიდან 28 ქვეყანამ უკვე განახორციელა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ თურქეთს, როგორც ტერაქტებისგან ნატო-ს ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანას, ლეგიტიმური შეშფოთებები აქვს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

თურქეთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს ქურთი მებრძოლების შეფარებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მათ კი ანკარა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებად მოიაზრებს.