იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, პოლონეთი და სლოვაკეთი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას არჩევნების შემდეგაც
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ პოლონეთი და სლოვაკეთი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას არჩევნების შემდეგაც. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს სლოვაკეთის ხელისუფლებაში, ისინი განაგრძობენ ალიანსის შეხვედრებზე შეკრებას.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გზებს, რათა განვაგრძოთ მხარდაჭერა, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველი არჩევნების შემდეგ ნატო-ს ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სლოვაკეთი ნატო-ს იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინაში სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, MiG-29 ტიპის თვითმფრინავები და S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა გაგზავნა.
ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიკომ, რომელიც სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, აღნიშნა, რომ აპირებს, გააუქმოს უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა.
სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საბოლოო შედეგები სლოვაკეთის დროით 10 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.