„იემსი“ - სუს-ის თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ პანკისის სპეცოპერაცია რისკების შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვის პროცესს აფასებს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია გაეცნო მაღალჩინოსნების დაკითხვის ოქმებს და მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა არის ფორმალური, ზედაპირული და პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები სპეცოპერაციის დაგეგმვის უფლებრივი სტანდარტებისა და მტკიცებულებების წესის მოპოვების და განადგურების/ფაბრიკაციის წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ.
„სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რისკებისა და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა. პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები სუს-მა მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა;
სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების განმარტებებმა აჩვენა, რომ ამ სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება. ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესში პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები. უწყების შიგნით პროცესების ამ ფორმით ორგანიზება და გადაწყვეტილებების მიღების ეს წესი ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის და უკიდურესად შემაშფოთებელი პრაქტიკაა;
პროკურატურის გამოკითხვები საერთოდ არ შეეხო გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას და არც კი დაისვა შეკითხვები სუს-ის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების წესის სავარაუდო დარღვევასთან და მტკიცებულებების სავარაუდო ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ „იემსიში“.
ორგანიზაციის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე.
„კერძოდ, ისინი ვერ ეცნობიან სპეცრაზმის იმ წევრების გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ძალის გამოყენების ეპიზოდს დეტალურად აღწერს. ამ ოქმების გაცნობა ოჯახს თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სუს-ის უსაფუძვლო ვერსიაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნისა და მნიშვნელოვანი კითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემდა“, – აღნიშნულია „იემსის“ შეფასებაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს. მათივე თქმით, დაირღვა დაზიანებების დოკუმენტირების წესი, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.