იემენში მოქმედმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა ისრაელის სამხრეთზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღეს და სარაკეტო დარტყმების გაგრძელებას აანონსებენ
იემენში მოქმედმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა ისრაელის სამხრეთზე თავდასხმების სერიაზე პასუხისმგბელობა აიღეს. როგორც ჰუსიტთა პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, ისრაელზე დრონებით, ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა ღაზის მოსახლეობის წინაშე რელიგიური, მორალური, ჰუმანიტარული და ეროვნული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
ჰუსიტთა წარმომადგენლის თქმით, ქალაქ ეილათის მიმართულებით დღევანდელი სარაკეტო იერიში 7 ოქტომბრის შემდეგ მათ მიერ განხორციელებული მესამე თავდასხმა გახდა. ის ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით დარტყმების გაგრძელებას აანონსებს.
დღეს დილით ისრაელის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალაქ ეილათის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ამასთან, ისრაელის ავიაციამ გაანადგურა დრონები. ჰუსიტები იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ. 2014 წლიდან ისინი იემენის დედაქალაქ სანაას და ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ.