იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო დარტყმების გამო გაერო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით გაერო უკიდურესად შეშფოთებულია, – ამის შესახებ გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ესკალაციის რისკებით, რაც გავლენას მოახდენს უფრო ფართო რეგიონზე და თავად იემენზე. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში. უშიშროების საბჭო 2 722 რეზოლუციით ითხოვს, რომ „ჰუსიტებმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთოს ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, გენერალური მდივანი ხაზს უსვამს იმ ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობას, რამაც, შეიძლება, იემენში კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება“, – განაცხადა დუჟარიკმა.
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი დარტყმები გუშინ განახორციელეს. აფეთქებები სანში, აეროპორტებთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზებზე დაფიქსირდა, ასევე იემენის ქალაქ ტაიზში, იემენის წითელი ზღვის პორტში, ჰოდეიდაში და სამხედრო ობიექტებზე სანაპირო ჰაჯას პროვინციაში.
„ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ 73 საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი მებრძოლი დაიღუპა და პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ, გააგრძელებენ თავდასხმებს გემებზე, რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს პალესტინელების მხარდაჭერას ისრაელის წინააღმდეგ.