ჟევენაში, იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. სამოქალაქო კონფლიქტში ჩართული შიიტი ჰუსიტები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ გამოცხადდნენ. ამის შესახებ იემენის საკითხებში, გაერო-ს საგანგებო წარმომადგენელმა, მარტინ გრიფიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბოხებულ ჰუსიტებს სამი დღის განმავლობაში ელოდნენ. ამ პერიოდში მარტინ გრიფიტი იემენის ხელისუფლების დელეგაციასთან მართავდა შეხვედრებს.
ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გაეროს დიპლომატი ამბოხებულ ჰუსიტებთან სანააში შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა. მარტინ გრიფიტის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება.
ამასთან, გაერო-ს დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჰუსიტების ქმედებას სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ დაწყებულ ფუნდამენტურ ბლოკადად არ აფასებს და მოლაპარაკებების გაგრძელების იმედი აქვს.
იემენის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჟევენაში 6 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო. მასში მონაწილეობა სახელისუფლებო და ამბოხებულთა დელეგაციებს უნდა მიეღოთ. თუმცა ამბოხებული ჰუსიტების დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მათ სანაას საერთაშორისო აეროპორტის დატოვება ვერ მოახერხეს. მათი თქმით, კოალიციურმა ძალებმა თვითმფრინავს აფრენის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით კოალიციურმა ძალებმა ინფორმაცია უარყვეს.