იემენის დედაქალაქ სანააში, ირანის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად საელჩოში ხანძარი გაჩნდა. ამ დრომდე დაუდგენელია, რომელმა მხარემ განახორციელა სარაკეტო დარტყმა. ამასთან, უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა საელჩოში ირანელი დიპლომატები ინციდენტის დროს.
იემენში უკვე სამი წელია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. 2015 წელს შიიტმა ამბოხებულებმა – ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანაა დაიკავეს. მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და საუდის არაბეთს შეაფარა თავი.
ამჟამად იემენის ერთ ნაწილს ამბოხებულები, მეორეს კი სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. იემენის მთავრობას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია ავიადარტყმებით ეხმარება, ჰუსიტ ამბოხებულებს კი თეირანი უჭერს მხარს.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა.