ახლო აღმოსალეთის ცხელ წერტილში უკვე რამდენიმე წელია სკოლების დიდი ნაწილი დახურულია. საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ათასობით მცირეწლოვანი საშუალო განათლებას ვერ იღებს. თუმცა, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტაიზის ერთი უბანი იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.
პატარებისთვის განათლების სავანე ადგილობრივი მასწავლებლის სახლია. აბდელ ალ-შორბაგიმ საკუთარი ნახევრად აშენებული საცხოვრებელი სკოლად გადააკეთა და უკვე მეოთხე წელია, სამოქალაქო ომის პირობებში ყოველდღიურად 700 ბავშვს ასწავლის.
„ომის პირიობებში ყველა სკოლა დაიხურა. ჩვენი ბავშვები კი, მთელი დღე ქუჩაში იყვნენ. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემა იყო“,- აცხადებს ალ-შორბაჯი.
იემენელი მასწავლებლის თქმით, საკუთარ სახლში სასწავლო დაწესებულების გახსნა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. საერთო მიზნის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს მეზობლებმა.
სკოლის ინვენტარის არარსებობის გამო, მოსწავლეებს განათლების მიღება ექსტრემალურ პირობებში უწევთ, სადაც კედლების მაგივრობას დახეული ფარდები ასრულებს. საკლასო მერხების ნაცვლად, მოსწავლეებს რვეულები მუხლებზე უდევთ.
აბდელ ალ-შორბაჯის სკოლაში 6-დან 15-წლამდე ბავშვები სწავლობენ. მათ განათლებაზე ყოველდღიურად 16 მოხალისე მასწავლებელი ზრუნავს. სასკოლო წიგნებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს ბავშვები სხვადასხვა შემოწირულობებით იღებენ. ისინი მათემატიკას, ინგლისურ ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებს შეისწავლიან.
საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებული ასობით ავიაიერიშის შედეგად ქვეყანაში 2500 სკოლა დაზიანდა ან ბოლომდე დაინგრა.
დღეს იემენში ორ მილიონამდე ბავშვი საშუალო განათლებას ვერ იღებს. ერთადერთი ალტერნატივა მცირე რაოდენობის კერძო სკოლებია. თუმცა აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღება ყოველთვიურად 100 000 იემენური რიალი, ანუ 400 ამერიკული დოლარი ღირს. შედეგად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი შვილების კერძო სკოლაში მიყვანას ვერ ახერხებს.
იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ერთმანეთს სახელისუფლებო ძალები და ამბოხებული შიიტი ჰუსიტები ებრძვიან, თუმცა მარიონეტულ ომში რეგიონის ორი წამყვანი ქვეყანა, საუდის არაბეთი და ირანი აქტიურად არიან ჩართულნი. თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით, ათი ათასი ადამიანი შეეწირა. ათობით ათასი პირი კი იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა.
იემენი დღეს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.