იდლიბში შექმნილი ვითარება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა იდლიბში შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა იდლიბის დეესკალაციის ზონაში სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობები განიხილეს.
„საუბრისას აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა დეესკალაციის ზონის შესახებ თავდაპირველად მიღწეული შეთანხმების შესრულება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედროებზე ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი მეტი იყოს. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთებზე საპასუხო იერიში მიიტანეს.
სირიის არმია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს, გაათავისუფლოს იდლიბი სირიის ოპოზიციის შეიარაღებული მებრძოლებისგან, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს. იდლიბი სირიის ბოლო რეგიონია, რომელსაც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ.