IDFI-ში აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საეჭვო შესყიდვები განახორციელა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საეჭვო შესყიდვები განახორციელა.
როგორც IDFI-ის კვლევაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქუჩის N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია-ცვლილებისა და საპროექტო სამუშაოს შესყიდვა შეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის. კერძოდ, მათივე თქმით, საქმე ეხება 737 000 ლარს, რომელიც 2017 წელს საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა; დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში; ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე; კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი; კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.
„ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.
ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია“, – აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.