IDFI სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს
IDFI სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევის მიზანია საჯარო სამსახურში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების და მათთვის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა.

„ამ მიზნით IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა 104 უწყებას (სამინისტროები, მათი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებები). კერძოდ, კვლევის ფარგლებში სამიზნე უწყებებიდან მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაცია: 2018-2019 წლებში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების რეესტრი (ანაზღაურების და ხელშეკრულების საგნის მითითებით) ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ხელშეკრულების ასლები.  ხელშეკრულებების რეესტრის შესახებ სრულყოფილი პასუხი მიღებულია მხოლოდ ექვსი სამინისტროდან, 31 სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-იდან და 11 სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებიდან. ხოლო რაც შეეხება მრჩევლების შესახებ მონაცემებს, მხოლოდ 14-მა უწყებამ მოგვაწოდა სრულყოფილი პასუხი, 14-მა უარი განაცხადა ინფორმაციის გასაჯაროებაზე და 42-მა გვაცნობა, რომ მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირი არ ჰყავთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

IDFI -ის კვლევაში აღნიშნულია, რომ პროფესიული საჯარო მოხელე უვადოდ ინიშნება საჯარო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი დროებით ან არამუდმივ ამოცანებს ასრულებს, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიცია პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთან, ეხმარება მას და მისი უფლებამოსილების ვადით ინიშნება.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული  პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა შეადგენს 4,000 ლარს, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა 6,000 ლარს, თუმცა, კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისი შემთხვევების დაშვების წესს“, – აღნიშნულია კვლევაში.

IDFI-ში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მარტივი შესარჩევი პროცესი და ხშირ შემთხვევაში მათი ფუნქცია-მოვალეობებიც ბუნდოვნად არის გაწერილი.

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით მიღებისთვის გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება და გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიიღება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე. შესაბამისად, ამ სფეროში უფრო მაღალია ნეპოტიზმის და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკები. მსგავსი რისკების მანიშნებელია, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლები“, – ნათქვამია კვლევაში.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

„2020 წლის საწყის ექვს თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ექვსი თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება; სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს; ცალკეულ შემთხვევებში, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია ისეთ პოზიციაზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება; 2019 წელს  კვლევის სამიზნე 31 სსიპ-ში, გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია 18%-ით. 2018 წელს დადებული 4 629 ხელშეკრულებიდან, 2019 წელს ამ რაოდენობამ უკვე 5 452-ს მიაღწია“, – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საჯარო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რეესტრში, ასახული ხელშეკრულების საგანი და პოზიციების დასახელებები, ხშირ შემთხვევაში  ბუნდოვანია  და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას.

„ბუნდოვან პოზიციებზე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება შესაძლებელია განსხვავებული იყოს როგორც სხვადასხვა, ასევე ერთი და იგივე საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად, კონსულტანტის ან ექსპერტის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებაში მერყეობს 1,000 ლარიდან 4,000 ლარამდე.   – შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფიქსირდება საგრძნობლად მაღალი ანაზღაურება სხვა უწყებებთან შედარებით, ისეთ სტანდარტულ პოზიციებზეც როგორიც არის მუშა/დამლაგებელი/მებაღე, ეროვნულ ცენტრში გათვალისწინებულია 1200 ლარი, როდესაც სხვა უწყებებში ამ პოზიციების ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარს შეადგენს.  – მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად. – 104 საჯარო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (ხელშეკრულების საგანი და ანაზღაურება)  მხოლოდ  48 უწყებამ გასცა“, – ნათქვამია კვლევაში.

IDFI-ში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგებით, ბოლო წლებში საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა.

„კერძოდ, გამარტივებული კონკურსის პირობებში, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ბუნდოვანება და მსგავს პოზიციებზე მნიშვნელოვნად  განსხვავებული შრომის ანაზღაურების  პრაქტიკა, მნიშვნელოვნად ზრდის  ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. მსგავს რისკებს, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ხელშეკრულებით დასაქმების გაუმჭვირვალე პროცესი. ის ფაქტი, რომ კვლევის ობიექტი უწყებების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს აცხადებდა სრულყოფილი მონაცემების გასაჯაროებაზე, აჩენს ეჭვებს რომ აღნიშნული განპირობებულია არსებული საკადრო პოლიტიკის ნაკლოვანებების დაფარვის სურვილით. შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების არასრულფასოვანი რეგულაციების, ერთ-ერთ  შედეგად, ასევე შესაძლებელია, განხილულ იქნას მათ ანაზღაურებაზე ყოველწლიურად მზარდი ხარჯები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ ტვირთს ქმნის, განსაკუთრებით პოსტპანდემიური ეკონომიკის პირობებში“, – ნათქვამია კვლევაში.

IDFI კვლევაში განხილული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ნეპოტიზმის, მიკერძოების და კორუფციის რისკები; დეტალურად განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებული ბუნდოვანი პოზიციების (მრჩეველი. კონსულტანტი, ექსპერტი და ა.შ.) ფუნქცია მოვალეობები; ,შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების სამართლიან დარეგულირებას.