IDFI საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს წარადგენს
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის ბოლო ერთი წლის შედეგებს გაასაჯაროებს. კვლევა ასევე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ფინანსურ ანგარიშებს.
როგორც პირველ არხს IDFI-ს წარმომადგენელმა, გიორგი ბერაიამ განუცხადა, კვლევა მოიცავს როგორც სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგს, ისე არსებული კანონმდებლობის ანალიზს.
„IDFI ახორციელებდა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგს. ჩვენ ასევე გავაკეთეთ კანონმდებლობის ანალიზი, რათა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გამოგვეკვეთა. დღეს მოხდება ამ კვლევის პრეზენტაცია, ჩვენი მიგნებებისა და რეკომენდაციების გასაჯაროება. მაგალითად, ჩვენი კვლევა შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების მიმართ სამართალწარმოებას, ასევე პროცესის საჯაროობასთან არსებულ პრობლემებს. ჩვენ ასევე შევისწავლეთ სასამართლოს ფინანსური ანგარიშები და რიგ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვის ნიშნები, თუ რამდენად რაციონალურად დაიხარჯა საჯარო ფინანსები“, – აღნიშნა გიორგი ბერაიამ.
ბერაიას განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რამდენად რაციონალურად იხარჯება საჯარო ფინანსები. საუბარია, ორ მილიონ ლარზე, რომელიც, კვლევის ავტორთა განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსამართლეებზე პრემიის სახით გაიცა. კვლევაში ასევე მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილი.
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ქეისი, როდესაც გამოვითხოვეთ კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალდარღვევებზე ინფორმაცია. ჩვენ ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობდა რამდენიმე მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება. ასევე, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად ჩვენ შევისწავლეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო ხუთი წლის ანგარიშები და პრობლემად რჩება ორი მილიონის პრემიების გაცემა მოსამართლეებზე ყველანაირი დასაბუთების გარეშე. ასევე, გამოიკვეთა ერთ-ერთი ყველაზე არარაციონალური შესყიდვა, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის შეძენილ 180 000-ლარიან ავტომობილს“, – განაცხადა გიორგი ბერაიამ.