„იბერიას“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სახელფასო დავალიანების ნაწილი ჩაერიცხათ
ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სახელფასო დავალიანების ნაწილი ჩაერიცხათ, – ამის შესახებ „იბერიას“ თანამშრომლებმა პირველ არხს განუცხადეს.
როგორც ისინი ამბობენ, არხს ამ დროისთვის თანამშრომლების მიმართ დავალიანების 50 პროცენტი რჩება.
ჯერ უცნობია, განაახლებენ თუ არა მუშაობას არხის თანამშრომლები, რომლებმაც გადაღებაზე გასვლაზე უარი დღეს სახელფასო დავალიანების გამო თქვეს. ისინი არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავენ.
ამასთან, ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფება გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია, რომელიც საინფორმაციო სამსახურის ოპერატორებს ხვდება. პროფკავშირების წარმომადგენლები ვითარების გარკვევის მიზნით „იბერიას“ მენეჯმენტს ხვალ შეხვდებიან.
ტელეკომპანია „იბერიაში“ რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც პირველ არხთან საუბარში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორმა, გიორგი ჯიბღაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე სახელფასო დავალიანების გამო, დღეს ოპერატორებმა გადაღებაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არხზე რეორგანიზაციაა.