ბადრი ჯაფარიძე - ყველა პარტიას უფლება აქვს, მოაწყოს აქცია, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ხდება წინასაარჩევნოდ, რათა რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის განწყობაზე
ყველა პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს მისი მხარდამჭერების მობილიზაციის, მოაწყოს, აქცია და ა.შ. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანების მობილიზაციაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამისი მიზანია, წინასაარჩევნოდ რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის განწყობაზე.
„ეს არ არის ჩვეულებრივი სახის აქცია, როცა ადამიანები თავისი ნებით მიდიან, საუბარია მობილიზაციაზე და იმის გამოყენებაზე, რაც დღეს ხელში უკავია „ქართულ ოცნებას“, ეს არის ადმინისტრაციული ბერკეტი. ეს არ არის აქცია, როცა ადამიანების ნებაყოფლობით მისვლაზე ვსაუბრობთ. საუბარია, საჯარო სამსახურის მობილიზაციაზე. ეს ხდება წინასაარჩევნოდ, რათა რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის განწყობაზე, მაგრამ ამას ამ თვალსაზრისით ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.