პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერ იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ბრიუსელში ათასობით რუსული ლობისტური ჯგუფი იმყოფება. ამის შესახებ კაჩინსკიმ პოლონურ გამოცემა „გაზეტა პოლსკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პოლონეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსული ლობისტები ბრიუსელში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.
„თუ ამ გავლენის შეფასებას ვეცდებით და ბრიუსელს ევროკავშირის ავტონომიურ ცენტრად წარმოვიდგენთ, მაშინ რუსეთის როლი თვალსაჩინოა. ევროკავშირის შტაბბინაში მომუშავე 30 ათასი ლობისტური ჯგუფიდან უმეტესობა ან რუსული წარმომავლობისაა ან დაკავშირებულია რუსეთთან“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში მოსკოვთან დაკავშირებული პოლიტიკური ფორმირებები მოქმედებენ.
„მე ვხედავ, რომ ცალკეულ ქვეყნებში მოქმედებენ პოლიტიკური ფორმირებები, რომლებიც დიდი ალბათობით დაკავშირებულნი არიან მოსკოვთან და რუსეთისგან მხარდაჭერას იღებენ. ქალბატონ მარინ ლე პენის გუნდი ამის კარგი მაგალითია. კითხვა შემდეგია – რამდენად შორს შეიძლება წავიდეს კრემლი ასეთი პოლიტიკური ფორმირებების პოლიტიკის კორექტირებაში, თუ ისინი ევროკავშირში მნიშვნელოვან ძალად იქცევიან“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, „მოსკოვის ხალხი“ პოლონეთშიც მუშაობს და მათგან ხშირად ისმის პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსების კრიტიკა.
„ჩვენს ქვეყანაში ამერიკული არმიის მუდმივი ყოფნა პოლონეთის უსაფრთხოების გაზრდას ნიშნავს. ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის, რომ ჩვენი საზღვრების დარღვევა მათ ძვირად დაუჯდებათ. ვინც ამის წინააღმდეგ იბრძვის, პოლონეთის პატრიოტი არაა. ის ან სულელია, ან მიამიტი, ან რუსეთის ინტერესებს ლობირებს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.