იაროსლავ კაჩინსკი - არის ნიშნები, რომ უკრაინაში ომი შეიძლება, რაიმე სახის კომპრომისით დასრულდეს და არა - საბოლოო დარეგულირებით, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაჩნდეს ახალი საფრთხეები
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, დასრულდეს არა საბოლოო დარეგულირებით, არამედ რაიმე სახის კომპრომისით, რაც მომავალში საფრთხის შემცველი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
„დღეს ჩვენ ვიცით, რითი შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში. არის ნიშნები, რომ ის შეიძლება, რაიმე სახის კომპრომისით დასრულდეს და არა – საბოლოო დარეგულირებით, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაჩნდეს ახალი საფრთხეები. ჩვენ არ გვსურს მსგავსი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
მისი თქმით, პოლონეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინელების მოთხოვნას მათი მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ყველაფერი არ არის პოლონეთზე დამოკიდებული.
კაჩინსკიმ ასევე ისაუბრა პოლონეთის თავდაცვაზეც. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი მიანიშნებს, რომ აუცილებელია, ქვეყანა სათანადოდ იყოს შეიარაღებული.
„ჩვენ უნდა მივიყვანოთ პოლონური არმია ისეთ მდგომარეობამდე, რომელშიც მას ექნება ყველა შესაძლებლობა სრულად: შეძლებს თავდაცვას, კონტრშეტევას, რადგან ჩვენ არ გვსურს, ვინმეს დავესხათ თავს პირველები“, – განაცხადა პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ.