„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის
„იარაღის შესახებ“ კანონში ლიცენზიის ნებართვის შეჩერების წესი შემოდის, რომელიც დაკავშირებული იქნება ნებართვის მფლობელის ფსიქიკურად, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი შს სამინისტროა.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიმე ამ გარემოების წარმოშობის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვას იურიდიული ძალა ავტომატურად შეუჩერდება. ნებართვის მფლობელს იარაღის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება 30 დღის ვადით შეუნარჩუნდება.
კერძოდ, ცვლილებებით, ნებართვის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის ვადაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვალდებული იქნება, ნებართვის შეჩერების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს შეატყობინოს.
შეტყობინების მიღების შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი იარაღის ნებართვის მფლობელის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე გამოცხადდება და ნებართვის მფლობელს ნებართვის შეჩერების თაობაზე შეატყობინებს. ნებართვის შეჩერების თაობაზე შეტყობინებასთან ერთად, უფლებამოსილი პირი იარაღის ჩამორთმევას მოახდენს. პროექტით განისაზღვრება, რომ პირი ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი იარაღის ჩამორთმევის მიზნით საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე დაუშვას. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იძულების ღონისძიებები გამოიყენოს. იმ შემთხვევაში, თუ პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილ პირს საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე იარაღის ჩამოსართმევად არ დაუშვებს, მას შესაბამისი ნებართვა გაუუქმდება.
ამასთან, კანონპროექტით, ნებართვის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების თაობაზე შეტყობინების მომენტიდან 30-დღიანი ვადა განესაზღვრება, რათა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა და იარაღის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვა უზრუნველყოს. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა, შესაძლებელია, გულისხმობდეს ერთიან საინფორმაციო ბაზაში პირის შესახებ შესაბამისი მონაცემების რედაქტირებას, წაშლას და სხვა. თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის შეჩერების თაობაზე შეტყობინების მომენტიდან 30 დღის ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას არ უზრუნველყოფს, მას ლიცენზია გაუუქმდება.