იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.ლ., ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ხაშურის რაიონის სოფელ გომში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 30 საბრძოლო ვაზნა და „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.