იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
09:46, 30.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ფ.ო. ქობულეთში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთი ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით.
გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ფ.ო.-ს მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით).