იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქვეყანაში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქვეყანაში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

იაპონია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყანაში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა.

„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერ დეტალებზე საუბარი არ დასრულებულა. ამ მოლაპარაკების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან აგრესიამ მსოფლიო არასტაბილური გახადა. ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, არ შემოიფარგლება მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხით და ეს პირდაპირ გავლენას ახდენს აქ, წყნარ ოკეანეში არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, იოშიმასა ჰაიაშიმ დასძინა, რომ აზიაში უსაფრთხოების საკითხები უფრო და უფრო რთულდება და ქვეყნის მთავარ გამოწვევად ჩინეთი დაასახელა. მისივე თქმით, არ თვლის, რომ ტოკიოში ნატო-ს ოფისის გახსნამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს არსებული დაძაბულობა.