იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უფრო ხშირად ჩამოვალთ საქართველოში
საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი შედგა, რომელიც ძალზე ნაყოფიერი გახლდათ. ჩვენ 25 წელი დაგვჭირდა, რათა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი წვეოდა საქართველოს, მაგრამ მომავალში ეს ხშირად განმეორდება, უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და გვაქვს იმედი, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ბევრად უფრო მჭიდრო გახდება. დიდი მადლობა ქართველი ხალხს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ საქართველოდან გამგზავრებისას განაცხადა.
იაპონიის პირველი დიპლომატის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ტარო კონო ქართველმა კოლეგამ, დავით ზალკალიანმა გააცილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ვიზიტი და მისი შედეგები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა მნიშვნელოვანი ინიციატივები საქართველოს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და იაპონიასთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
„ეს ვიზიტი კიდევ უფრო ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ დონეზე. გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრების შინაარსი იყო ძალიან დატვირთული, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა ახალი ინიციატივები, კერძოდ საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები და გაფორმდება შეთანხმება, არის შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან, როგორიც არის იაპონია. აღსანიშნავია, რომ იაპონური მხარე არის მოწადინებული, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ იაპონური მხარის ახალი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 343 მლნ აშშ დოლარის გამოყოფაში“, – განაცხადა დავით ზაკლკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის მთავრობის ახალ „კავკასიის ინიციატივას“, რომელიც ასევე ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა და მოიცავს ცალკეულ პროექტებს, რომლებიც ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო პროცედურების მნიშვნელოვანი გამარტივება და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ავლენს საქართველოს მიმართ.
„იაპონია იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიოს საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმარა საქართველოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში. მაშინაც 200 მლნ აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი იაპონიის მხრიდან. ეს თანამშრომლობა ეკონომიკური სფეროების გაღრმავების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული. ნაყოფიერი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი საქართველო-იაპონიის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში 4-5 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.