იაპონიის ქალაქები უარს აცხადებენ ოლიმპიადის მონაწილეთა განთავსებაზე #1TVSPORT
იაპონიის ქალაქები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადის დროს სპორტსმენების ცხოვრება უნდა უზრუნველყონ, უარი თქვეს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაზე კორონავირუსის გავრცელებისა და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის შიშით. ამის შესახებ გამოცემა Nikkei-მ დაწერა. ლაპარაკია 40 ქალაქზე.
სპორტსმენების განთავსებას იაპონიის 500-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებაში გეგმავდნენ. ახლა, ადგილობრივი მთავრობები ეწინააღმდეგებიან ამ გეგმებს. მაგალითად, ტიბას პრეფექტურაში უნდა დასახლებულიყო აშშ-ის მძლეოსანთა ნაკრები, მაგრამ ამ გეგმებს საფრთხე დაემუქრა – ამერიკელთა საწვრთნელი ბანაკი ჩაიშალა, პრეფექტურის ხელმძღვანელობა კი უარს ამბობს რესურსის გამოყოფაზე უცხოელი სტუმრების შესანახად. ოკუიძუმოს დასახლების მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად მიიღოს ბალახის ჰოკეიში ინდოეთის ნაკრები.
ქვეყანაში ოლიმპიადის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან სამედიცინო პროფკავშირებიც, რომლებმაც მიმართეს ფედერალურ მთავრობას გაფრთხილებით – ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ვერ გაუძლოს დიდ დატვირთვებს ინფიცირების ახალი აფეთქების შემთხვევაში.
ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იაპონიაში კორონავირუსისგან აცრილია მოსახლეობის 2.8 პროცენტი – ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებს შორის. ამასთან, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში იმედოვნებენ ოლიმპიადის 2500 მონაწილის აცრას.