იაპონიის პრემიერი - წამყვანი სახელმწიფოების პასუხი ერთიანი თუ არ იქნება, უკრაინაში შეჭრის სცენარი შესაძლოა, აღმოსავლეთ აზიაშიც განმეორდეს
იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით, უკრაინაში შეჭრის სცენარი შესაძლოა, აღმოსავლეთ აზიაში განმეორდეს, თუ წამყვანი სახელმწიფოების პასუხი ერთიანი არ იქნება, რომ ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს.
„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გუშინ, ბრიტანელ კოლეგა ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უნივერსალური ღირებულებების გამზიარებელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო სასიცოცხლო ხდება. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და მოაზროვნე ქვეყნებთან, არასდროს შევეგუოთ ძალის გამოყენებით სტატუს-ქვოს შეცვლის ცალმხრივ მცდელობებს ინდო-წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს. ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა არამხოლოდ იაპონიის უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურობისთვისაც გადამწყვეტია“, – განაცხადა კიშიდამ.
საპასუხოდ, კიშიდას განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ოფიციალური პეკინის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გაზვიადებაში დაადანაშაულა.
„თუ იაპონიას აღმოსავლეთ აზიაში ნამდვილად მშვიდობა სურს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დაპირისპირების პროვოცირება დიდ სახელმწიფოებს შორის და მეტი გააკეთოს რეგიონის ქვეყნებს შორის ნდობის გასაზრდელად და ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ჟაო ლიჯიანმა.