იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც მომდევნო თვეში უნდა ჩატარდეს.
ფუმიო კიშიდას მხარდაჭერა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს, კორუფციული სკანდალის ფონზე შემცირდა, რომელშიც მისი პარტიაა გარეული. ამას გარდა, მის პერსონალურ რეიტინგზე გავლენა იქონია გაზრდილმა საცხოვრებელმა ხარჯებმა და იაპონური იენის გაუფასურებამ.
„მოახლოებულ არჩევნებში, აუცილებელია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ შეიცვლება. მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ღია არჩევნები, ასევე თავისუფალი და ღია დებატები. პირველი ადვილად გასაგები ნაბიჯი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ შეიცვლება, ჩემი გადადგომაა“, – აღნიშნა ფუმიო კიშიდამ პრესკონფერენციაზე.
კიშიდას ფრაქციის წევრმა გადაწყვეტილებას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრს „წარმატებები ჰქონდა საგარეო, თავდაცვისა და საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ იძულებული გახდა, გადამდგარიყო პოლიტიკისა და ფულის საკითხის გამო“.
ცნობისთვის, მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ორ ყველაზე გავლენიან ფრაქციას ბრალი ედება შემოსავლებისა და ხარჯების არასათანადოდ დეკლარირებაში.