იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები იაპონიის პარლამენტის, მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ
იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები იაპონიის პარლამენტის, მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან.

დელეგაციის წევრის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციის წევრები მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ იაპონიის პარლამენტის, მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შეხვდა იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს, იუმი იოშიკავას. შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეებმა გამოხატეს პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

ბექა ოდიშარიამ ვიცე-მინისტრს გააცნო ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის მიმართ, ესაუბრა მას საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციისა და სხვა დემოკრატიულ პროცესებზე.

ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა იომი იოშიკავას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, დახმარების სურვილისა და გულთბილი მასპინძლობისათვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.